პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ტყვიავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, პარლამენტარი ქეთევან ჩარკვიანი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე შეკრებილებმა სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე, არაფორმალური განათლების ცენტრების საჭიროებასა და მოსახლეობისთვის საჭირო სხვა საკითხებზე იმსჯელეს. მოისმინეს, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული რეკომენდაციები.
როგორც ითქვა, ადგილობრივებთან შეხვედრის მიზანს კომიტეტის მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოსახლეობასთან კონსულტაცია წარმოადგენდა. სამომავლოდ, სამოქმედო გეგაში აისახება სწორედ ის ინიციატივები და საჭიროებები, რომლებიც ადგილობრივებმა შეხვედრისას გააჟღერეს.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს აღინიშნა მსგავსი სახის შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
მსგავსი შეხვედრები, შიდა ქართლის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაიმართა.