2024 წლის მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება, რაც ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი ყველა ბენეფიციარისთვის 25 000 ლარამდე გაიზარდა პაციენტის თანაგადახდის გარეშე.
გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე, ონკოქირურგიის სერვისები.
მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენის და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს სამინისტროს 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს ჯანდაცვის სამინისტრო რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.