საზოგადოება
13.02.2024 16:13
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება.

პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

იგეგმება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.

საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.

კვირის ამბები