საზოგადოება
01.03.2020 19:08
კორონავირუსის გამო, უქმდება ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტის ღონისძიებები

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ახალი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე თვითმმართველობებს ინსტრუქცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა მიაწოდა. სუბარის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„კონტროლზეა აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე, ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას“.

 

კვირის ამბები