ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და მთავრობის ახალი შემადგენლობით მთავრობის პირველი სხდომა იმართება. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გააცნო.
„რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი.
თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო.
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა, აქაც ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც აბსოლუტურად რეალისტური ამოცანაა. მთავარია, რომ ამ ყველაფერზე აქტიურად ვიმუშაოთ. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარმატებები უსურვა.