საზოგადოება
08.02.2024 19:03
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ამოცანა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს დასახული და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება - ირაკლი კობახიძე

ჩვენ აბსტრაქტულ ოცნებაზე არ ვსაუბრობთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ამოცანა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს დასახული და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა. ჩვენ აბსტრაქტულ ოცნებაზე არ ვსაუბრობთ. ეს საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ამოცანა, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს დასახული და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება.

რაც შეეხება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე ზრუნვას, მონაცემები ადასტურებს რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს. პირველად, საგანგებო კომისია სწორედ 2013 წელს შეიქმნა. იმის მიუხედავად, რომ ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, წლების განმავლობაში საკითხს არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა. შეიქმნა არამხოლოდ კომისია, არამედ უამრავი პროექტი განხორციელდა - პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 300 მილიონ ლარს შეადგენს. მარტო შარშან ამ პროექტების ღირებულებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე შეკითხვების ფორმატში ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვის პასუხად.

კვირის ამბები