სახლები დაიტბორა გორშიც, ქარელშიც და კასპშიც, სადაც, ფაქტობრივად, ეს სირთულეები აღმოფხვრილია, აღდგენილია ელექტრო სადენები, სახლებიდან ამოტუმბულია წყალი, ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია, სადაც ყველაფერი კეთდება, რომ უმოკლეს დროში გამოსწორდეს ვითარება, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში მიხეილ შაყულაშვილმა სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
შაყულაშვილის ინფორმაციით, რეგიონში დაიტბორა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა 9 სახლი, მათგან ერთი მთლიანად დაინგრა, ორ სახლს კი კედლები ჩამოეშალა.
,,ბოლო დღეებში არსებულმა უამინდოობამ შიდა ქართლში გამოიწვია სტიქია - წყალდიდობის და ძლიერი ქარის სახით, შესაბამისად, რეგიონში არის მრავალი დაზიანება, თავდაპირველად, 150 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, დაზიანებული იყო ელექტრო სადენები, დაზიანებული იყო გაზსადენის მილები, რამდენიმე ადგილზე ჩამოიშალა კლდე, დაიტბორა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა 9 სახლი, მათგან ერთი მთლიანად დაინგრა, ორ სახლს კი კედლები ჩამოეშალა, გუშინ ღამით კი, სტიქიის ფონზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. საბედნიეროდ, მეწყრული პროცესის შედეგად წარმოქმნილი მასა დასახლებულ პუნქტთან გაჩერდა, ღამის საათებში შეუძლებელი იყო შესაბამისი სამუშაოების დაწყება, ვინაიდან საფრთხისშემცველი იყო ამ ვითარებაში ღამით მუშაობა და დღეს უკვე ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები, შესწავლის შემდგომ, უმოკლეს დროში დაიდება დასკვნა და შესაბამისი სამსახურები შეუდგებიან მუშაობას. ვიმედოვნებთ, რომ ამ ადგილიდან ევაკუირებულ მოსახლეობას მალე მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, რეგიონში ყველაზე რთული ვითარება ხაშურის მუნიციპალიტეტშია.
,,რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, სახლები დაიტბორა გორშიც, ქარელშიც და კასპშიც, სადაც, ფაქტობრივად, ეს სირთულეები აღმოფხვრილია, აღდგენილია ელექტრო სადენები, დენი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს არ მიეწოდება ამ დროისთვის და საღამომდე ესეც აღდგება, სახლებიდან ამოტუმბულია წყალი, ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია, სადაც ყველაფერი კეთდება, რომ უმოკლეს დროში გამოსწორდეს ვითარება.
რაც შეეხება ქვიშხეთს, რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქვიშხეთშიც დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოხდება მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლა“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, წუხელ გვიან ღამით განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 40-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, ევაკუირებული ოჯახების ნაწილი, ვინც სურვილი გამოთქვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროში განათავსა.