საზოგადოება
08.02.2024 13:42
0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო - ირაკლი კობახიძე

8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარურ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და  ასეთია მმართველი გუნდის ოცნების საქართველო. 

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და  ასეთია მმართველი გუნდის ოცნების საქართველო. 

„საქართველოს 20% დღეს ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა პრემიერ-მინიტრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში, შემდგომ კი, პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კვირის ამბები