ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
სოსო ჯაჭვლიანს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი 2023 წლის დასაწყისში დაუდგინდა და მას შემდეგ უტარდებოდა მკურნალობა ჯერ საქართველოში, შემდგომ კი - თურქეთში, თუმცა, ცნობილი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე იყო.
სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია 23 ფილმში, იგი 4 ფილმის დამდგმელი რეჟისორი, 4 ფილმის სცენარის ავტორი და 2 ფილმის პროდიუსერია.
ჯაჭვლიანი იყო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016), სადაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც ეკავა, ამავდროულად, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი იყო.
ჯაჭვლიანის როლებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეში“ გედიას როლი, მისი რეჟისორობით კი ისეთი ცნობილი ფილმებია გადაღებული, როგორიცაა ,,სვანი“, ,,მაიტა ნასოსი“, ,,პირველი სიყვარული“.
ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.