„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილების და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. პროგრამის მიზანს კი, დევნილების და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, გორის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქ.N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.