საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ აღსრულების ბიურომ ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანის მიერ მირიან ხარაბაძისადმი გაგზავნილ წინადადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას.
,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების პროცედურის განხორციელება ზამთარში იმ პირების (მოვალეების) შემთხვევაში, რომლებისთვისაც უძრავი ქონება ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ საუკეთესო სტანდარტებს და სათანადოდ არ იღებს მხედველობაში კონსტიტუციაში განმტკიცებულ კონსტიტუციურ პრინციპებს.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გამოსახლების შემთხვევებშიც კი, მაგალითად, როდესაც ეს ხორციელდება ქირის საფასურის ხანგრძლივი ვადით გადაუხდელობის ან ქირით სარგებლობის საკუთრების დაზიანების საფუძველზე, შესაბამისმა ორგანოებმა ასეთი გამოსახლების კანონის საფუძველზე განხორციელება უნდა უზრუნველყონ პაქტის დებულებების შესაბამისად, და მასში ჩართული პირები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებით“, - აღნიშნულია ომბუდსმენის წინადადებაში.
სახალხო დამცველის წინადადების თანახმად, გამოსახლების პროცესის განხორციელება დაუშვებელია ცუდი ამინდის დროს ან ღამის საათებში.
,,კომიტეტს მიაჩნია, რომ იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურული დაცვის ასპექტები მოიცავს გამოსახლების პროცესის განხორციელების დაუშვებლობას ცუდი ამინდის დროს ან ღამის საათებში, თუ არ არსებობს გამოსასახლებელ პირთა თანხმობა.
ამასთან, გამოსახლების შედეგად პირი არ უნდა დარჩეს უსახლკაროდ და არ უნდა დაირღვას მისი სხვა უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლებულ პირებს არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ საარსებო სახსრები, მონაწილე სახელმწიფოებმა, ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში ყველა სათანადო საშუალება უნდა გამოიყენონ მათთვის სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად, დასასახლებლად ან ნაყოფიერი მიწების გამოსაყოფად არსებული გარემოებების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წინადადებაში, რომლითაც სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს დღეს მიმართა.
სახალხო დამცველის წინადადების სრული ვერსია იხ: https://ombudsman.ge/res/docs/2024020711263558189.pdf