გორის მუნიციპალიტეტში ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შექმნა. უამინდობის შედეგად, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა, დიდთოვლობის გამო, რასაც ქარიც ერთვოდა, რამდენიმე ადგილზე ხე მოტყდა, დაზიანდა რამდენიმე სახურავი. დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მისასვლელ გზებზე გადაადგილება გართულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გვიან ღამიდან ამ დრომდე მობილიზებულია ყველა სამსახური და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს უამინდობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.
,,გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ცენტრალურ გზებზე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
ქალაქში უამინდობის შედეგად წაქცეული ხეების გატანა და გასუფთავება ამ დრომდე მიმდინარეობს. დილიდან დაწყებულია დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენაც.
გზის გაწმენდით სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის და მერიის შესაბამისი სამსახურები.
უხვმა ნალექმა გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის სადენები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.