სპორტი
02.02.2024 13:11
გორში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის პირველი მემორიალური ტურნირი გაიმართება

2-4 თებერვალს გორი თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის პირველ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.

დღეს, 2 თებერვალს, ჩატარდება აწონვები, 3 თებერვალს პირველი საასპარეზო დღეა, ხოლო 4 თებერვალს ფინალური ბლოკის შეხვედრები შედგება და გაირკვევა მედალოსნების ვინაობა.

შეჯიბრი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში გაიმართება და ჭიდაობის მსოფლიოს საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდება.

ტურნირში მონაწილეობას 2011-2012 და 2015-2016 წწ. დაბადებული სპორტსმენი გოგონები და ვაჟები მიიღებენ.

მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 18 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, I-III ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

ცოტნე ბარამიძის ხსოვნის პირველი მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ცნობისთვის, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

კვირის ამბები