შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა.
შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა სახელდება.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1 855 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, რა დროსაც 104 ადამიანი დაიღუპა, 2 898 კი დაშავდა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეით მოსიარულეზე შეჯახების 1 638 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, 1 665 კი დაშავდა.
რაც შეეხება შედარებას გასული წლის მონაცემებთან, 2022 წელს 5 469 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (125 შემთხვევით ნაკლები 2023 წელთან), რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა (12-ით ნაკლები 2023 წელთან), 7 517 კი დაშავდა (207-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელთან).