რას ნიშნავს სამედიცინო ნიღბის თეთრი და ცისფერი მხარე და როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე
გორის სააფთიაქო ქსელში სამედიცინო პირბადეები კვლავ დეფიციტშია, თუმცა, თუ შეძენა შეძელით, GMnews-ი გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და ვირუსებით ინფიცირებისგან დაცვაში დაგეხმარებათ:
- პირბადე მხოლოდ ხალხმრავალ და დახურულ სივრცეში გაიკეთეთ, ქუჩაში ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის;
- პირბადის გაკეთების წინ, სასურველია, ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ;
- ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!
- გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს;
- თუ ნიღაბს აქვს რეზინის მარყუჟი, კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ რამდენიმე ზონარი აქვს - ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს; სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე კი, ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია. ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ. თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით;
როგორც კვლევებით ირკვევა, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციებით ინფიცირების რისკს 50%-ით ამცირებს.