საზოგადოება
01.02.2024 15:15
განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების ვადა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ,  უწყებამ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა   და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა  ერთი თვით გაახანგრძლივა.

„განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, თბილისში  ბინის მიღების მოთხოვნით  განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც  დედაქალაქში 2013 წლის 1-ელ ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში კი, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

 

კვირის ამბები