„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები გამკაცრდება. ცვლილებების მიხედვით, ყველა სიგარეტი ერთგვაროვანი სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი მაღრაძის განმარტებით, ერთგვაროვანი, სადა შეფუთვა გულისხმობს რომ ყველა ბრენდის სიგარეტს ექნება მოყავისფრო კოლოფი. ყველა მათგანზე მწარმოებელი ბრენდის დასახელება იქნება ერთი ტიპის და ერთი ფერის შრიფტით დატანილი, რათა მომხმარებელს არ შეეძლოს მარტივად გაარჩიოს ისინი ერთმანეთისგან. გარდა ამისა, კანონის შესაბამისად, ყველა კოლოფზე დატანილი იქნება გამაფრთხილებელი წარწერა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესახებ, შესაბამის პიქტოგრამასთან ერთად.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციის გავრცელება გასახურებელ სიგარეტზე - „აიქოსზეც“.უფრო მეტიც, უნდა მოხდეს მისი მთლიანად აკრძალვაც კი. მრავალმა ქვეყანამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. ამ მიმართულებით ავსტრალიისა და საფრანგეთის მაგალითებიც ძალიან ღირებულია. ეს ქვეყნები ითვალისწინებენ მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესს და ამ გზით უფრთხილდებიან ამ ყველაზე მთავარ ღირებულებას.
ელექტრო სიგარეტებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა - 68%, სწორედ ელექტროსიგარეტზე მოდის, როგორიცაა რეკლამის შემთხვევები, ხილულად გაყიდვის ფაქტები, დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები და სხვა“, - განაცხადა გიორგი მაღრაძემ.