თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამ დროისთვის 34 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ორ მათგანს აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია.
პირველი პაციენტი 50 წლის მამაკაცია, რომელიც მოგზაურობდა ირანში, მეორე კი 31 წლის ქალია, რომელიც ჯგუფთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
,,რამდენადაც ვიცი, ამ ქალაქში, სადაც ეს ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა, არ არის ეპიდემიის რისკი და არ არის ბევრი ინფიცირებული, მაგრამ იტალიაში მაინც ყველა ადგილი სახიფათო ხდება, მას ახალი კორონავირუსით ინფექცია აღმოაჩნდა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალი კორონავირუსი მხოლოდ 1/5 შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 80 პროცენტში საშუალო სიმძიმით, თითქმის უსიმპტომოდ. ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ პაციენტები, რომლებსაც ჩვენთან კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორივე შემთხვევაში უსიმპტომო იყო. სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ინფექციის გავრცელებისთვის. ინტენსიურად ვსწავლობთ ყველა იმ პირს, რომელიც 31 წლის ქალთან კონტაქტში იმყოფებოდა”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს, დამატებით, 24 პაციენტზეა აღებული სინჯი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ დაფიქსირდეს კიდევ დადებითი შემთხვევა.
რაც შეეხება კარანტინს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში - თბილისში, საჩხერესა და აბასთუმანში, კარანტიში 87 პირი იმყოფება.