საზოგადოება
01.02.2024 14:17
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე დაასახელა

,,ქართული ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ირაკლი კობახიძე დაასახელა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია, ამ შემთხვევაში - ,,ქართულ ოცნებას“.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს.

ახალი პრემიერის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

კვირის ამბები