საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯის საქმიანობას გაეცნო.
სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკა და ინფრასტრუქტურა თეა წულუკიანმა ცნობილ ქართველ მუსიკოსსა და პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად მოინახულა.
მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და კოლეჯის ხელმძღვანელის, ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ. შეხვედრა, ასევე, გაიმართა კოლეჯის პედაგოგებთან.
კოლეჯის გოგონათა გუნდმა კი, ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით, სტუმრებისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა კოლეჯის პედაგოგებს სხვადასხვა პერიოდში ენთუზიაზმით მუშაობის და თავდადებული შრომისათვის.
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწვლებელი 50-წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური სკოლა და საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული, მონოპროფილური სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს ახალ, მეხუთე დონის მოდულურ პროფესიულ პროგრამებს.
კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს გამოცხადებული კონკურსის - „ინსტრუმენტების განახლება სამუსიკო სასწავლებლებში“ - ფარგლებში გორის სამუსიკო სასწავლებელი 43 660 ლარით დაფინანსდა და Yamaha-ს ფირმის GB1K PE მოდელის როიალი შეიძინა.