დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, ადამიანები, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.
გამყრელიძის თქმით, იტალიიდან ჩამოსულმა პირებმა, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ.
„არაერთ ადამიანს, რომელიც შემოდის განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევა რჩევა, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ჩრდილოეთ იტალიაში ნამყოფები, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.