საზოგადოება
30.01.2024 16:01
ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, გორში შეხვედრა გაიმართა

ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, გორელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მხატვრული ფილმის „ტალღა“ ჩვენება გაიმართა. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენაზე, კერძოდ, პედაგოგზე, რომელიც ექსპერიმენტის სახით ცდილობს, ახალგაზრდებს ფაშიზმის რეალური სახე დაანახოს.

კინოჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია.

პროექტი USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

ცნობისთვის, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 1945 წელს ალიანსის ჯარებმა ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაათავისუფლეს. გენოციდს 17 მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თარიღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.

კვირის ამბები