საზოგადოება
30.01.2024 13:40
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კონკურსი „მწვანე ჯილდო“ გამოაცხადა - ვის შეუძლია კონკურსში ჩართვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება 20 მარტამდეა შესაძლებელი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „მწვანე ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მასწავლებელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს - 5 ივნისს გამოვლინდება.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე: 577 610 972.

შეგახსენებთ, კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, 2018 წლიდან საქართველოს მასშტაბით იმართება. უნდა აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად და შედეგიანად მონაწილეობენ აღნიშნულ კონკურსში.

გასულ წლებში, „მწვანე ჯილდო“ გორის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების პედაგოგს ასმათ ლეჟავას, გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარინე ვართუმაშვილს და ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელს მიმოზა ღოლიჯაშვილს გადაეცა.

 

კვირის ამბები