საზოგადოება
30.01.2024 12:48
ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს - ჯანდაცვის სამინისტრო

16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა, სხვა გლაუკომა, ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები, ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე, პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა, ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა, ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით, ტრავმული კატარაქტა, ბადურის ტრაქციული ჩამოცლა, სხვა ბადურის ჩამოცლა, მინისებრი სხეული პროლაპსი, რქოვანას წყლული, ბადურის სისხლჩაქცევები, ჩირქოვანი ენდოფთალმიტი, ეჭვი გლაუკომაზე და პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა.

„შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

კვირის ამბები