პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, შესაბამისად, დღეიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებს მუშაობას.
პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს.
კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია, ამ შემთხვევაში - ,,ქართულ ოცნებას“.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა, პარტიის წესდებაში ცვლილება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს.
ახალი პრემიერის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.