გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება დღეს, 29 იანვარს გაიმართება.
საიუბილეო საღამო გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში (სამეფოს ქუჩა 5) ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იუბილეზე მისული სტუმრები ოლია ბრაგვაძის, ციალა საათაშვილის, ეთერ სადაღაშვილის და სოფიო დეკანოიძის ნაქარგებს, სხვა ხელნაკეთ ნივთებს დაათვალიერებენ, შემდეგ კი (16:00 საათი) საიუბილეო საღამო გაიმართება.
„საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მწერლები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. გელით ბევრი სიურპრიზი.
გთხოვთ, მობრძანდეთ! ერთად ვაჩუქოთ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი დღესასწაული“, - ნათქვამია საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება 15:00 საათიდან დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.