ზამთარში, ქუჩის ცხოველებისთვის სიცივის და სისველისგან დაცული თავშესაფრის მოძებნა და საჭმლის მოპოვება განსაკუთრებით რთულია.
როგორც შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, ეს პერიოდი მიტოვებული ცხოველებისთვის შიშის და სტრესის მომგვრელია, ამიტომ მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს ვეტერინარები მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობენ.
„რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა სრულყოფილი სახლები დავუდგათ ჩვენს ქუჩაში მცხოვრებ მეგობრებს, შეგვიძლია მოვაწყოთ თბილი დასაწოლი სივრცეები. ადგილი, რომელიც არ სველდება და ძლიერი ქარისგანაც დაიცავს მათ
არ ეცადოთ ქუჩის ძაღლს ჩააცვათ ტანსაცმელი! ისინი ხშირად ხვდებიან წვიმაში და სველი ტანსაცმლის ტარება სერიოზულ საფრთხხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. ტანსაცმელი, ასევე, აფერხებს მათ მობილობას და ექსტრემალურ სიტუაციებში ხელს უშლის სწრაფ გადაადგილებაში.
ხშირად მიაწოდეთ მათ საკვები, რადგან ზამთარში განსაკუთრებით რთულია ქუჩის ცხოველებისთვის საჭმლის მოპოვება და დღეების განმავლობაში უწევთ მშიერი ყოფნა.
თუ ყინვისგან დაუძლურებულ ცხოველს იპოვით, პირველ რიგში ეცადეთ გააშროთ, მიაფარეთ პლედი ან დაუდეთ რეზინის სათბური. შესთავაზეთ საჭმელი და დაელოდეთ, სანამ სხეული დაუბრუნდება ნორმალურ ტემპერატურას. იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფრის შემდეგაც მდგომარეობა მძიმეა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.
იყავით ლოიალურები! გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ გცივათ, მათაც სცივათ და გადარჩენისთვის თქვენგან მცირედი დახმარება სჭირდებათ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.