ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენმა გოგონებმა ყაზახურ ჭიდაობაში გამართული ევროპის ჩემპიონატი.
მოპოვებული მედლებიდან სამი - ოქროს, ერთი კი ვერცხლის სინჯისაა.
გორელთაგან ევროპის ჩემპიონის ტიტულს ნინი იაშვილი (48 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა), მარიამ მაზანაშვილი (56 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა) და მარი მახარაშვილი (60 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) დაესაკუთრნენ.
მაია ტარუაშვილმა (65 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა) კი შეჯიბრი ვერცხლის მედლით დაასრულა.
„ძალიან გახარებული ვარ, ჩემი პირველი ოქროს მედალია ასეთ ტურნირზე. ორმაგად სასიხარულოა ისიც, რომ ჩემთან ერთად, ჩემმა მოსწავლემაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენ აქტიურად ვემზადებით მომავალი ტურნირებისთვის. იმედი გვაქვს ჩვენს ქვეყანას კიდევ არაერთხელ ვასახელებთ“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა მარი მახარაშვილმა.
ცნობისთვის, ყაზახურ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ბაქოში ჩატარდა.