შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართელობის ინფორმაციით, 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის და დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით, 6 პირი უკვე დასაქმდა კერძო სექტორში, შეიქმნა დასაქმების მსურველ შშმ პირთა ბაზა და შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმა, ასევე, მოქმედებს შშმ პირების საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო.
„გორში ფუნქციონირებს შშმ პირების დღის ცენტრი, ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბი „გორის დილა“, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება პროგრამები. შშმ პირებისთვის ადაპტირებულია მუნიციპალური ტრანსპორტი და დამონტაჟდა ხმოვანი შუქნიშნები“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, შშმ პირებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარებებიც, მათ შორის, 2024 წელს შშმ სტუდენტები 5000 ლარით დაფინანსდებიან.