ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა.
პროცესში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მდინარეების დათევზიანებას, სახეობების ხელოვნურად მოშენებას და გამრავლებას, უწყება მანამდე გააგრძელებს, სანამ აღნიშნულის საჭიროება იარსებებს.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში, ტანისა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მრავალფეროვნებით.
რაც შეეხება დათევზიანების ღონისძიებას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან ერთად, ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე უკვე მეორედ განახორციელა.