სამართალი
28.02.2020 14:14
ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურასთან აქცია გამართეს

სოფელ ხელთუბნის ცენტრში შეკრებილებმა გორში, პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის მშობლების მტკიცებით, პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმადაც ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა, აბსურდულია.

გარდაცვლილის მშობლების და ახლობლების ვერსიით, თორნიკე მერებაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა, მოკლეს.

„სისულელეა, რომ ჩემი შვილის გარდაცვალება ავარიამ გამოიწვია, თორნიკე მოკლეს, ქვეყანამ იცის ის ჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ გარდაცვალებამდე ჩემი შვილი რეკავს და ამბობს, რომ დაჭრილია. მკვლელები დღემდე დაუსჯელად დადიან. ავარიის ბრალდებით დააკავეს ჩვენი თანასოფლელი, მერე გაათავისუფლეს, მერე ისევ დააკავეს, მტკიცებულებები გაყალბებულია, ჩემი მტკიცებულებები არ დაურთეს საქმეს, ვიღაცას აფარებენ ხელს, დამოუკიდებელმა ექსპერტმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ბავშვი ავარიით არ იყო გარდაცვლილი, აქამდე თავს ვიკავებდი, ახლა კი მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მხარი დამიჭიროს", - აცხადებს გარდაცვლილის მამა მერაბ მერებაშვილი.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და გარდაცვლილის მშობლებს შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, მერებაშვილებმა პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ვინმეს მფარველობაზე განცხადებები საფუძველსმოკლებულია, სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება და ბრალდებულ ზვიად კოჩუაშვილის მიმართ საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში იხილება.

აქციას შეუერთდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრებიც.

კვირის ამბები