განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონსულტანტის ინფორმაციით, შესაძლოა, სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს.
გია მურღულიას განცხადებით, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც.
,,თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამას ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს. ბერძნები ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას? არ ნიშნავს! ჩვენ, ქართველებმა, ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. ამწუთას, სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ და მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმწუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ და ა.შ. რაც რეალობას არაფრით უკავშირდება.
მუშაობის პროცესშია რამდენიმე საკითხი, მაგალითად, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ბიბლიაც როგორც ლიტერატურული ტექსტი და მითოსი“,- განაცხადა გია მურღულიამ.