ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აქციას აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები 27 იანვარს გამართავენ.
საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება და კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) მოიცავს. ბენეფიციართა მიღება კი 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: თბილისი, ნ. ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი).
„მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო მომსახურება 13 268 ბენეფიციარს გაუწიეს.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციას ვეტერანებს წინასწარ მივაწვდით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.