საზოგადოება
25.01.2024 14:11
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს ინდივიდუალური კონსულტაციების ახალ ფორმატს სთავაზობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის კერძო და საჯარო უწყების წარმომადგენლებს, ყოველ პარასკევს სამსახურის ოფისში ინდივიდუალური კონსულტაციების ახალ ფორმატს სთავაზობს, - ინფორმაციას აღნიშნული სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონთან“ დაკავშირებით კონსულტაციები სამსახურის წარმომადგენლებისგან პირისპირი შეხვედრების ფარგლებში მიიღოს.

„დაინტერესებულმა პირებმა შეხვედრის ჩასანიშნად რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე: outlook. office365. com/ …/ Bookings @ pdps. ge/ bookings/. ყოველი მიმდინარე კვირის პარასკევისთვის რეგისტრაცია კი შესაძლებელია არაუგვიანეს ოთხშაბათისა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები დარეგისტრირებულ პირებს 30 წუთის განმავლობაში ახალ კანონთან დაკავშირებით მათთვის სასურველ თემატიკაზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტულ ქეისებს განიხილავენ.

მომდევნო თვეების განმავლობაში კონსულტაციები გაიმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისში (მისამართი: თბილისი, ვაჩნაძის ქ.7)“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო, მასში გათვალისწინებული ვალდებულებების და სიახლეების უმრავლესობა კი ძალაში 2024 წლის 1-ელი მარტიდან შევა.

კვირის ამბები