საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, უკვე განისაზღვრა ტესტირების თარიღი, ადგილი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა.
ტესტირება ელექტრონულად ჩატარდება და 6-7 მარტს, 4 სესიად გაიმართება (დღეში 2-2 სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე - 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება. რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე აპლიკანტებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია ტესტირებამდე ერთი საათით ადრე დაიწყება. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აპლიკანტებმა, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა ადმინისტრაციამ მათი საჭიროებები გაითვალისწინოს.
თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.