საზოგადოება
22.01.2024 11:40
იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რაც შეეხება საქართველოს, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალებისთვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.

დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, მედიკოსების თქმით, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენის და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი მისი განკურნებაც შესაძლებელია.

„აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაციას და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს შეუძლია კიბოს პრევენცია, ხოლო დროული და ეფექტური სამედიცინო ინტერვენციებით შესაძლებელია, შევამციროთ და საბოლოოდ აღმოვფხვრათ საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა. ასევე, რეგულარული სკრინინგი, ადრეული დიაგნოზი და დროული მკურნალობა გზაა საშვიოსნოს ყელის კიბოს განკურნებისკენ“, - აღნიშნავენ მედიკოსები.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი  25-60 წლის ქალებისთვის უფასოა.
კვირის ამბები