საზოგადოება
28.02.2020 12:52
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა. უწყების განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებების ადმინისტრაციებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს ) შემდეგი სახის რეკომენდაციები მიეცათ: მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაწესებულებებმა პერიოდულად განხორციელონ შენობების დეზინფექცია; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თვითიზოლაცია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზს, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციას და დაელოდოს შესაბამის ინსტრუქციებს;

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია, რესურს-ცენტრთან შეთანხმებით, დაწესებულების ტერიტორიაზე აცხადებს კარანტინს და ახორციელებს დაავადებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირებისა და დაწესებულების თანამშრომელთა იდენტიფიცირებას/იზოლაციას გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციებს, ასევე, დაავალა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა; ხოლო, რესურსცენტრებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე, სამინისტროს დაუყოვნებლივ ინფორმირება'', - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები