საზოგადოება
18.01.2024 11:58
კონკურსი ფიზიკის მასწავლებლებისთვის

საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი ცხადდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შერჩეული პედაგოგების სტაჟირებას სრულად დააფინანსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. სტაჟირება კი 2024 წლის 17-24 მარტსაა დაგეგმილი.

„კონკურსში მონაწილე უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკაში სერტიფიცირებული პედაგოგი (უფროსი, წამყვანი, ან მენტორი); უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი ცოდნა ფიზიკაში (ფიზიკის საგნობრივ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გადალახული ჰქონდეს 60%-იანი ზღვარი); არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, რაც მოიცავს დოკუმენტაციის გადარჩევას და გასაუბრებას“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ  ელექტრონულ მისამართზე: intershiptpdc 1 @ gmail. com. წარდგენის ბოლო ვადა 31 იანვარია.
კვირის ამბები