სპორტი
18.01.2024 11:59
ვანდერსონ სილვამ „დილა“ დატოვა

გორის „დილა“ ვანდერსონ სილვამ დატოვა, - ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

კლუბის ცნობით, ბრაზილიელი განაპირა მცველი გუნდში სამი სეზონი თამაშობდა. სილვამ 133 მატჩში 6 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

„ჩვენი კლუბის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ვანდერსონ სილვამ „დილა“ დატოვა. სპორტსმენი იშვიათი გამონაკლისია იმ მოთამაშეთა შორის, ვინც ჩვენი კლუბის მაისურით 100 მატჩიანი ზღვარი გადალახა. ბრაზილიელი განაპირა მცველი „დილას“ ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა. სპორტსმენმა 133 მატჩში 6 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება შეძლო“, - აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვანდერსონ სილვამ საფეხბურთო კლუბიდან წამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა. ფეხბურთელი კლუბთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს და თითოეულ წევრს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„ცხოვრება ეტაპებისგან შედგება და ბედნიერი ვარ, რომ სამ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი იყო, ყველაფერი გავიღე ამ გუნდისთვის და წარუმატებლობაზე მეტი წარმატება მქონდა. ჩემი მეუღლე და შვილები არასდროს დაივიწყებენ აქ გატარებულ პერიოდს - თბილი ხალხით და ლამაზი ქალაქით. ჩემთვის „დილა“ არასდროს იქნება მხოლოდ კლუბი. ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, როგორც ლამაზი ისტორიის ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, მადლობა ტექნიკურ პერსონალს, მენეჯმენტს, ყველა ჩემს თანაგუნდელს და გორელ გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის მოდიოდა ჩვენს თამაშებზე და მხარს გვიჭერდა“, - წერს ვანდერსონ სილვა.

კვირის ამბები