გორის ხელოვნების სახლი ART HOUSE ექსპერიმენტულ პროექტს - „ღია გალერეა“ აგრძელებს.
20 იანვრის 18:00 საათიდან ნებისმიერ არტისტს შეუძლია საკუთარი ნამუშევარი ხელოვნების სახლის (მისამართი: გორი, გურამიშვილის ქ. 5) საგალერეო სივრცეში გამოფინოს. ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტო, ვიდეოარტი, პერფომანსი თუ სხვა - ორგანიზატორების თქმით, ავტორებს არჩევანში სრული თავისუფლება აქვთ.
„საგამოფენო დარბაზები ხშირად არაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის. მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ, რომ მოხვდნენ ასეთ სივრცეებში, რაც სფეროს განვითარების შეფერხებას და ხელოვნების თავისუფლების კლებას იწვევს. პრობლემად რჩება, ასევე, ხელოვანებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაც და იშვიათი გამონაკლისების გარდა, გვხვდება კოლაბორაციული ნამუშევრები. ეს პროექტი სწორედ აღნიშნულის ხელშეწყობისთვისაა“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.