სამართალი
28.02.2020 11:59
2018 წლის 6 ივლისს, ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

სოფელ ხელთუბნის ცენტრში, 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს. გარდაცვლილის ოჯახი პროკურატურის ვერსიას შემთხვევიდან დღემდე, 20 თვის განმავლობაში უნდობლობას უცხადებს და აცხადებენ, რომ მერებაშვილი ავარიის შედეგად არ გარდაცვლილა.

ოფიციალური ვერსიით, 20 წლის ახალგაზრდას, სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. აღნიშნული ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული.

„ჩემი შვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა, იგი მოკლეს და უკვე 20 თვეა, გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და მკვლელის დადგენას ვითხოვთ. როცა ეს ფაქტი მოხდა, ჩემ შვილს მთელი სხეული დავუთვალიერეთ და ავარიის არანაირი კვალი არ ეტყობოდა. იგი მოკლულია და ვიდრე სამართლიანად არ ჩატარდება გამოძიება, მანამდე არ გავჩერდებით“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

ხელთუბანში შეკრებილებს შეუერთდა ბრალდებულის მამაც. „ჩემი შვილი, ზვიად კოჩუაშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალდებით, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. 9 თვე იყო ციხეში, ბრალს არ აღიარებდა იმიტომ, რომ არაფერი ჩაუდენია და არავის დასჯახებია. ვერც დაუმტკიცეს და 9 თვის შემდეგ, პროკურატურამ მის გათავისუფლებაზე შუამდგომლობა დააყენა. გათავისუფლებიდან ცოტა ხანში კი, ისევ დააკავეს და ამჟამად, პატიმრობაშია. ბრალს, რა თქმა უნდა, არც ახლა აღიარებს. გარდაცვლილის ახლობლებთან ერთად, მეც ობიექტურ გამოძიებას მოვითხოვ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ბრალდებული ზვიად კოჩუაშვილის მამამ, ტრისტან კოჩუაშვილმა.

ხელთუბანში შეკრებულები, დღესვე, აქციის გამართვას გორის პროკურატურასთან გეგმავენ.

კვირის ამბები