„ქეთევან დედოფალი 400 /450“ - საიუბილეო წლის სიმბოლოსთვის კონკურსი ცხადდება.
ღონისძიება „ქეთევან დედოფლის საზოგადოების“ ინიციატივით ტარდება და წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 450 და მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონკურსო ლოგოზე აუცილებელია აისახოს საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი რიცხვები (400, 450 და 2024 წწ.)
განიხილება როგორც 3D ან 4D ფორმატში ელექტრონულად შესრულებული ლოგო, ისე ტრადიციული გრაფიკით/ფერწერით შესრულებული ნამუშევრები. გარდა ამისა, ქართულ დამწერლობასთან ერთად, სასურველია ინგლისურის გამოყენებაც. პროგრამული დამუშავების მეთოდები თავისუფალია.
საუკეთესო ნამუშევრების ფოტო-კოლაჟი და მათი ავტორების ვინაობა გამოქვეყნდება ორგანიზაციის გვერდზე.
რაც შეეხება პრიზებს, კონკურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევარი კი საერთაშორისო კულტურულ-შემეცნებითი პროექტის „ქეთევან დედოფალი 400 /450“ ლოგო გახდება და გამოიყენება ამ კონკურსის ფარგლებში ყველა ბეჭდვით დოკუმენტზე, ბილბორდებზე, ბეჭედზე, სერტიფიკატებზე და სხვა.
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე: ketevani @ gmail . com და ორგანიზაციის ოფიციალური გვერდის პირად შეტყობინებებში შეუძლიათ. ნამუშევრებთან ერთად, საჭიროა კონკურსანტის სახელი, გვარი, მამის სახელი (პირადობის მოწმობის შესაბამისად) და ფოტო.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 31 იანვარია.