საზოგადოება
15.01.2024 15:56
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით - 340 ლარიდან 390 ლარამდე იზრდება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ცვლილება ეხება სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც და ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის პირის ფინანსური დახმარება იზრდება 20 ლარით.

„მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაც.

კვირის ამბები