საზოგადოება
28.02.2020 10:52
სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას სექტემბრიდან შეძლებს

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში მშენებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევა და აღსაზრდელების მიღებასაც შეძლებს. შესაბამისი განცხადება, მუნიციპალიტეტის მერმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

„გორში მოქმედი მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საკმარისი არ არის არსებული კონტინგენტისთვის, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ახალი სასწავლო წლიდან, სადგურის დასახლებაში მშენებარე ბაღი შეემატება ჩვენს ქალაქს. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით კეთილმოწყობილი, სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებზე ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. პროექტის საერთო ღირებულება 1 080 000 ლარია, ამ თანხით სადგურის დასახლებაში წლების პრობლემა მოგვარდება. ამ უბანში საკმაოდ დიდი ხანია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და აქ მაცხოვრებელი ბავშვები ქალაქის სხვადასხვა უბანში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას, თუმცა, სექტემბრიდან, ეს პრობლემა მოგვარდება და ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 90 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კვირის ამბები