2024 წლის იანვრიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 და 17:00-20:00 საათების შუალედში ამოქმედდა.
შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. ამასთან, არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები. კერძოდ, რეგულაცია არ ვრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე.
აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები გაზრდილი თანხით, პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარით დაჯარიმდებიან.