ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანია „როშესგან“ წარმოებული ძვირადღირებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ მიიღებენ.
„ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს. შედეგად პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით „ნოვარტისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.
გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სიაც და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, 400 000- მდე ბენეფიციარს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად დაუფინანსდებათ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში ახადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.