საზოგადოება
11.01.2024 13:05
გორის მერიამ 2024 წლის ბიუჯეტის განკარგვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა - რას მოხმარდება მთავარი საფინანსო დოკუმენტით განსაზღვრული თანხა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის - ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილებული თანხების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ჯამში, 96 385 192 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება ცალკეული პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრულ თანხებს, ინფრასტრუქტურაზე 41 755 692 ლარი დაიხარჯება,

გარემოს დაცვას 4 955 000 ლარი მოხმარდება, განათლებას - 13 865 000 ლარი, ეკონომიკურ განვითარებას  - 5 550 400 ლარი, ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას - 4 937 200 ლარი, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის მიმართულებას - 9 405 900 ლარი, ხოლო მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯები 15 916 000 ლარს შეადგენს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026 წწ.) მიხედვით. პრიორიტეტების დოკუმენტი კი  მოსახლეობასთან კონსულტაციებით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გასული წლის 22 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა.  კენჭისყრაში მონაწილე 24 წევრიდან 22-მა დაუჭირა მხარი, მომდევნო წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა პარტია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა.

კვირის ამბები