შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროგრამა შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას მოიცავს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი ტიპი 2; პარკინსონი; ეპილეფსია.
„მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს სრულად მიიღებენ: სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს); პენსიონერები; ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები), ასევე, გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.