გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც „გორის მაცნესთან“ მარი გიუნაშვილმა აღნიშნა, საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა და ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება პაციენტის სტაციონარიზაცია.
სეზონური ვირუსით დაავადების პრევენციის მიზნით, ეპიდემიოლოგი მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებას და პირბადის გამოყენებას ურჩევს.
„სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ხველა, ოფლიანობა, ყელის, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი და საერთო სისუსტე.
იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მნიშვნელოვანია, გამოიყენოს პირბადე და არ გავიდეს ხალხმრავალ ადგილებში.
სეზონური ვირუსისგან მნიშვნელოვანია დავიცვათ ბავშვები, ორსულები, 65 წლის ზემოთ ასაკის, ქრონიკული დაავადებების და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პირები“, - აღნიშნა გიუნაშვილმა.