საზოგადოება
10.01.2024 11:32
გორის მოსახლეობას დღეიდან ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება

გორის მოსახლეობას დღეიდან, 10 იანვრიდან, დამატებით, ორი ახალი ავტობუსი მოემსახურება.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს სარგებლობაში კიდევ ორი ახალი  EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსი გადაეცა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ავტოპარკში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ მარშრუტებს დაემატა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მომსახურებას.

„ახალი ავტობუსები რეგიონებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გადაეცა. „ისუზუს“ ფირმის სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალური ავტობუსები 2020 წლიდან ემსახურება, ავტოპარკის შევსება კი ეტაპობრივად ხორციელდება.

კვირის ამბები